Monday, April 16, 2018

საგნობრივი ცოდნის ტრანსფერი


საგნობრივი ცოდნის ტრანსფერი არის თეორიისა და პრაქტიკის, სწავლისა და ცხოვრების კავშირი.

      ცოდნა, რომელსაც გადავცემთ  მოსწავლეებს მაშინ იწვევს ინტერესს და ახდენს მათი შემეცნებითი აქტივობის სტიმულირებას, როდესაც  ცხოვრებასთან არის დაკავშირებული და მისი გამოყენება შეიძლება პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად. მოსწავლეები უნდა მივაჩვიოთ პრაქტიკაში შეამოწმონ და გამოიყენონ შეძენილი ცოდნა. სახელმძღვანელოში მოყვანილი მაგალითები შევავსო მოსწავლეთა საყოფაცხოვრებო გარემოდან აღებული მაგალითებით. დავუკავშირო სასწავლო მასალა მოსწავლეთა მშობლიური ქალაქის/სოფლის განვითარების პერსპექტივებს, ქვეყნის  განვითარებას.

თეორიის პრაქტიკასთან დაკავშირების ტრადიციული გზებია ექსკურსიები, მოსწავლეთა მიერ ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოების შესრულება, მოსწავლის საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობა. ლიტერატურის გაკვეთილებზე მხატვრული ნაწარმოებების შესწავლისას, პოეტური ნაწარმოების კითხვისას, მოსწავლეებმა არა მარტო შინაარსი უნდა აღიქვან და დაიმახსოვრონ, არამედ გაუჩნდეთ პერსონაჟებისადმი თანაგანცდა და მათი თავგადასავალი საკუთარ თავზე „გადმოიტანონ“, ანუ გაუჩნდეთ მხატვრულ ნაწარმოებში განვითარებული მოვლენების თანამონაწილეობის განცდა.

    გარდა ამ ტრადიციული მეთოდებისა, საგნობრივი ცოდნის   ტრანსფერისათვის საკლასო და კლასგარეშე მუშაობისას  გამოიყენება:

   განმარტებით-ილუსტრაციული მეთოდი,  ანუ ვერბალური მეთოდებისა (საუბრები, თხრობა და ა.შ.) და ვიდეო ფრაგმენტების, ნახატების, სქემების  ერთობლიობა. ისევე, როგორც სწავლების პროცესში თვალსაჩინოებების გამოყენების დროსაც საჭიროა დავიცვათ  ზომიერება: თეორიულ მასალის პრაქტიკასთან დამაკავშირებელი კონკრეტული მაგალითების რაოდენობა უნდა იყოს შეზღუდული, რომ ამ მაგალითების სიჭარბემ არ „გადაფაროს“ მოსწავლეთა შემეცნებაში შესასწავლი ცოდნის სისტემის ფორმირება.

  პრაქტიკული და დამოუკიდებელი სამუშაოები, ცხოვრებისეულ სიტუაციათა ანალიზი. არ დავივიწყოთ  მოსწავლეების წახალისება  მცდელობისთვის,  მითითება როგორ  გააუმჯობესონ, სრულყონ ან შეცვალონ ნამუშევარი.  განსაკუთრებული შედეგის მომტანია  ნორჩ გამომგონებელთა კონკურსის მოწყობა.

 შემეცნებითი თამაშები, რომლებიც ცხოვრებისეულ ელემენტებს შეიცავს. მოსწავლეებთან ერთად  „ცხოვრებისეული ხასიათის“ ამოცანებისა და სავარჯიშოების  შედგენა და ამოხსნა.

        კვლევითი მეთოდი, რომელიც ბუნებრივ და ხელოვნურ ობიექტებსა და მოვლენებზე დაკვირვებასთან ერთად, ბეჭდვითი ლიტერატურისა  და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების (ინტერნეტი) მეშვეობით მათ ახსნას  მოიცავს.  მოსწავლეები დაინტერესდებიან თუკი მათ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, საწარმოო ურთიერთობებზე, შრომის პროგრესულ მეთოდებზე მოვუთხრობთ.

სწავლების ეფექტურობისათვის, არ უნდა ჩატარდეს არც ერთი  მეცადინეობა, რომელზეც მოსწავლეს არ ექნება გაცნობიერებული საკუთარი სამუშაოს, შესასწავლი მასალის ცხოვრებისეული აუცილებლობა. რაც შეეხება საგნობრივი ცოდნის ცხოვრებასთან კავშირზე აქცენტის გაკეთებას, ეს მასწავლებლის შემოქმედებით მიდგომაზეა დამოკიდებული. კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, ეს შეიძლება მოხდეს როგორც  თეორიული მასალის სწავლების წინ, ინტერესის გაღვივებისა და მოტივაციის გაზრდისათვის, ასევე თემის სწავლების პერიოდში, ან დასასრულს.

     რამდენიმე ეტაპად გადმოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით  შემიძლია დავასკვნა,  რომ ტრანსფერი სწავლებისა და აზროვნების ფუნდამენტური უნარია,  რომელიც  ახლავს ცოდნის შეძენას, სტრატეგიების გააზრებასა და განწყობათა გამოხატვასყველაფერს, რასაც შევისწავლით ერთი კონტექსტისთვის   და გამოვიყენებ  განსხვავებულ ვითარებაში. შეძენილი ცოდნის ცხოვრებაში ტრანსფერის  პროცესი  მნიშვნელოვანია  სასწავლო პროცესში  და განსაკუთრებით  აქტუალურია დაწყებით კლასებში სწავლებისათვის, რამდენადაც ამ დროს, ასაკობრივი თავისებურებების გამო, ბავშვებს უჭირთ აბსტრაგირება. კონკრეტული, „ცხოვრებისეული“ მაგალითებით, პრაქტიკული სამუშაოებით ინტერესის გაღვივება ზედა კლასებში სამეცნიერო ცოდნის ათვისებას უყრის საფუძველს.  პრაქტიკის მოშველიებით მოსწავლეებს მუდმივად უნდა შევახსენოთ სკოლაში ასათვისებელი ცოდნის აუცილებლობა. 

No comments:

Post a Comment